top of page

ტონიკი თუ საწამლავი?!... Eau de Melissa-სა და "კარმელიტების წყლის" ისტორია

რა სხვაგვარად შეიძლებოდა წარმართულიყო დიუმას მიერ „სამ მუშკეტერში“ მოთხრობილი ყველასთვის ცნობილი ამბავი, იმ შემთხვევაში, კარდინალ რიშელიე — ეს ლიტერატურაში თითქმის დემონურ ფიგურად ქცეული ადამიანი — თავისი უსაყვარლესი Eau de Melissa-თი რომ მოეწამლათ? ისტორია გვარწმუნებს, რომ ეს არომატული წყალი მას მუდამ თან დაჰქონდა: სვამდა, ისუნთქავდა, გულს იმშვიდებდა, შაკიკს იოკებდა და იმ სიმძიმეს ებრძოდა, რომელსაც უძლიერესი სახელმწიფოს მართვა წარმოშობდა.



1635 წელს, ერთ დღეს, არმან ჟან დიუ პლესი დე რიშელიემ, რომელსაც სამყარო კარდინალ რიშელიეს სახელით იცნობს, თავის თილისმასავით ნაზ ბოთლს მიუახლოვა სახე და სურნელში უმცირესი სხვაობა იგრძნო. იყო ეს დახვეწილი ყნოსვის მიერ მყისიერად დაჭერილი უცხო ჩრდილი თუ უბრალოდ კარგად ნაცნობი არომატის მოულოდნელი შეცვლა? — მცირედი სხვაობაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ იგი ავი ზრახვის არსებობას მიმხვდარიყო. მოგვიანებით, ბოთლის შემცველობის გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მასში მართლაც ჩარეულიყო ბოროტი ხელი: ამბობდნენ, რომ ორლეანის ჰერცოგმა შიგთავსი ხელოვნურად შეცვალა. ასე რომ, დედოფლის ყელსაბამზე ძვირფასი ქვების შეცვლას, რომელიც დიუმას რომანში რიშელიეს ირგვლივ აგებული ინტრიგის ერთ-ერთ ბრწყინვალე ეპიზოდად გვევლინება, რეალურ ისტორიაშიც მოეძებნება თავისი არანაკლებ მომხიბლავი და ავისმომასწავებელი ანალოგი.




სურნელოვანი კორდიალის მეშვეობით მოწყობილი ეს მკვლელობის მცდელობა სრულიად უპრეცედენტო არ ყოფილა, თუმცა სწორედ ამ შემთხვევამ წარმოშვა ავთენტურობის გარანტირების ერთ-ერთი ადრეული კომერციული ჟესტი. კარმელიტელმა მონაზვნებმა, რომლებიც საკუთარ მფარველობაში ამზადებდნენ Eau de Melissa-ს და მას "კარმელიტების წყლის" სახელით ავრცელებდნენ, ამ ამბის შემდეგ თავიანთი ნაწარმის ბოთლებს უკვე წითელი ცვილის ბეჭდით ხურავდნენ, ზედ მონასტრის ნიშნით — თითქოს სურნელსაც და რწმენასაც ერთად ამოწმებდნენ.



ამ ინტრიგებით, შიშითა და ჩუმი პოლიტიკით გაჯერებული ისტორიის შუაგულში იდგა ერთი მოკრძალებული მცენარე — მელისა. ზოგჯერ მას ლემონგრასსაც ან ციტრონელასაც უწოდებენ, თუმცა მისი მეცნიერული სახელი Melissa officinalis-ია. იგი Lamiaceae-ს ოჯახს ეკუთვნის და ასევე ცნობილია როგორც ლიმონის ბალზამი ან ფრანგულად piment des abeilles — „ფუტკრების წიწაკა“, რაც თავისთავადაც საოცრად პოეტური სახელია.


როგორ მოხვდა მელისა ევროპაში?

მელისა საფრანგეთში იმავე გზებით მოხვდა, რომლებითაც მცენარეები საუკუნეების განმავლობაში მოგზაურობდნენ: ზოგჯერ ახლო აღმოსავლეთის ცოდნის გავლით, ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქაში ჩამოყალიბებული ურთიერთობების მეშვეობით, ზოგჯერ კი მონასტრების ფარმაკოპეაში დაცული მცოდნეობის ხაზით. მელისას გზაც სწორედ ეს უკანასკნელი აღმოჩნდა.



ბენედიქტელმა ბერებმა ეს მცენარე ესპანეთში არაბი ექიმების პრაქტიკის გაცნობით შეისწავლეს, სადაც მელისა განსაკუთრებით ფასობდა თავისი გამორჩეული დამამშვიდებელი და შფოთვის შემამცირებელი თვისებების გამო. დიდი ექიმი და ფილოსოფოსი ავიცენა ამბობდა, რომ„მელისა ამაგრებს ძალას, აცოცხლებს სიმამაცეს და დარდს განდევნის.“ეს მხოლოდ ლამაზი ფრაზა როდი იყო: მელისას ნამდვილად იყენებდნენ როგორც სხეულის, ისე სულის შესამსუბუქებლად.

იდუმალი ელექსირი პოპულარული ხდება

და მელისას მოყვარულნი მხოლოდ მონასტრის ჩუმ კედლებში მცხოვრები მოკრძალებული ბერები როდი იყვნენ. კარლოს V, რომელმაც თავისი ცხოვრების ბოლო წლები სან ხუსტეს მონასტერში გაატარა, ქრონიკებში მოხსენიებულია, როგორც მელისასა და ლავანდაზე დაფუძნებული ალკოჰოლური ნაყენის დიდი და ერთგული თაყვანისმცემელი. სწორედ ამგვარმა გამოყენებამ დაუდო საფუძველი იმ სასმელ-სურნელოვან ელექსირს, რომელიც შემდგომში „eau de carmes“-ის, ანუ კარმელიტების წყლის სახელით გახდა ცნობილი.



განსაკუთრებით მომხიბლავია მისი კავშირი შიშველი ფეხით მავალ კარმელიტებთან. იტალიური კონგრეგაციის გადაადგილებამ ჯერ ავინიონამდე მიიყვანა ისინი, ხოლო XVII საუკუნის მეორე ათწლეულში უკვე პარიზში დაასახლა. თუმცა პარიზელი შიშველი ფეხით მავალი კარმელიტების დისტილატორი მხოლოდ მონასტრის შიდა მოხმარებისთვის როდი ამზადებდა ამ სასწაულ წყალს. იგი უფრო მეტს აკეთებდა: იქცა ერთგვარ არომატულ ხელოვანად, ნამდვილ სურნელოვან არტ-დირექტორად. მან არა მხოლოდ გადაამუშავა და დახვეწა არსებული კორდიალის რეცეპტი, არამედ შთაგონებული იყო იმ უცნობი ექიმის ფორმულითაც, რომელმაც მასში 14 მცენარე და 9 სანელებელი გააერთიანა. ამ გადამუშავების შედეგად მან ზოგიერთი „ნოტი“ გამოკვეთა, სხვები დააბალანსა და ნარევს ის ხიბლი მიანიჭა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო.


ფორმულა რთულდება... - მისი დამზადება ხომ მთელი ხელოვნებაა!

ფორმულა თავიდან მარტივი იყო, შემდეგ კი თანდათანობით უფრო კომპლექსური და მრავალშრიანი გახდა. სწორედ ეს ევოლუციაა განსაკუთრებით საინტერესო. მ. დეჟანის ნაშრომში აღწერილი. თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ ორი მცენარისა და ხუთი სანელებლის ნაზავს შეიცავდა. მასში შედიოდა: მუსკატის კაკალი, მაკისი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის თესლი, ციტრონის წვენი და მელისას ფოთლები, რომლებიც eau de vie-სა და თეთრ ღვინოში იყო დაყენებული.


სხვა რეცეპტი, რომელიც კოდექსშია მოხსენიებული, უკვე მოიცავდა: მელისას, ციტრუსსა და ანჟელიკას, აგრეთვე ოთხ სანელებელს: მუსკატის კაკალს, ქინძს, მიხაკსა და დარიჩინს. საბოლოოდ, კარმელიტური ფორმულა გაფართოვდა და მცენარეების რაოდენობა შვიდამდე, სანელებლებისა კი ექვსამდე გაიზარდა.

ხედავთ? ნამდვილი კარმელიტების წყლის შექმნა უბრალო შერევის საქმე არ ყოფილა. 1.ინგრედიენტები წინასწარ, ზედმიწევნითი მითითებების დაცვით, ცალ-ცალკე იხდებოდა;

  1. შემდეგ სხვადასხვა მასალა განსაზღვრული პროპორციებით თავსდებოდა დიდ ქვაბში სპირტებთან ერთად, წყლის აბაზანაზე, ძალიან დაბალ ცეცხლზე;

  2. შემდეგ ნარევს აცივებდნენ — არა უბრალოდ, არამედ ყინულისა და ნატრიუმის ქლორიდის ნაზავში ჩაძირვით, რათა გაყინვის წერტილი დაეწიათ და მასა სწორად დამუშავებულიყო;

  3. ამის შემდეგ იგი ერთი კვირის განმავლობაში უნდა დამწიფებულიყო, თითქოს სურნელსაც დრო სჭირდებოდა საკუთარი სიმშვიდის მოსაპოვებლად;

1836 წელს დაწერილი ნაშრომი მოწმობს, რომ ამ წყლის ორი ფორმულა ერთდროულად არსებობდა: ერთი — მელისაზე დამყარებული მარტივი სპირტიანი ნარევი, და მეორე — უფრო მდიდარი და მრავალხმიანი კარმელიტების წყალი, რომელშიც დასრულებულ სურნელოვან პროფილში არც ერთი ინგრედიენტი არ ბატონობს. ეს უკვე არა ცალკეული მასალის ტრიუმფს, არამედ ნამდვილ ჰარმონიულ ბლენდს წააგავს.

დაპირისპირება

ლუი XIV-ის ეპოქაში კარმელიტების წყალი, პირდაპირ ეჯიბრებოდა უნგრეთის დედოფლის წყალს (Eau de Reine d’Hongrie), რომელზეც ცალკე ისტორიული სტატიის დაწერაც კი შეიძლება. სამეფო კარის ქალბატონები კარმელიტურ წყალს იყენებდნენ როგორც ტონიკს გულდაღონების წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს იგი მათთვის იყო სურნელოვანი დახვეწილობაც — ნაზი, კულტურული ჟესტი, რომელიც ცუდი სანიტარული პირობებისა და მჭიდროდ დასახლებული სასახლის მძიმე ჰაერის ფონზე ცხოვრების ატანას ამსუბუქებდა.



რადგან წარმატებას ყოველთვის ჰყავს მიმბაძველები, მოწინააღმდეგეებმა მალევე დაიწყეს რეცეპტის კოპირება. ამის საპასუხოდ კარმელიტებმა, როგორც ჩანს, თავიანთ ელექსირს სამეფო დაცვის წერილებით მოუპოვეს პატრონაჟი ჯერ ლუი XIV-ისგან, შემდეგ კი ლუი XV-ისგან. მათ წარმოება ფრანგული რევოლუციის დროსაც კი შეინარჩუნეს. ხოლო 1831 წელს უკანასკნელმა ძმა კარმელიტმა ეს საიდუმლო ფორმულა მ. ამედე ბუაიეს გადასცა.


დღეს

სწორედ ამიტომ, დღემდე კომერციულად არსებული ფორმა ცნობილია სახელით Eau de Carmes Boyer.

ამ ვერსიაში ფორმულა საბოლოოდ დალაგდა და ჩამოყალიბდა როგორც 14 მცენარისა და 9 სანელებლის, ხისა და რიზომის რთული ნაზავი. მასში შედის: მელისა, ანჟელიკა, შროშანა, ციტრონი, წყალკრესი, მარჯორამი, პრიმულა, სალბი, როზმარინი, ლავანდა, აბზინდა, ზამთრის ქონდარი, თიამი და გვირილა; ხოლო სანელებლებსა და სხვა მშრალ კომპონენტებს შორისაა ქინძი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატის კაკალი, მწვანე ანისი, სანდალოზი, გამხმარი ანჟელიკას ფესვები, გამხმარი ენციანას ფესვები და ცერეცო. მის გამოყენებასაც თავისი პატარა რიტუალი ახლდა: რამდენიმე წვეთი შაქრის ნატეხზე ან მცირე რაოდენობა წყლის ჭიქაში.


და დიახ,მომზადება თქვენც შეგიძლიათ!...

მელისას კორდიალის უფრო მარტივი, სახლში მოსამზადებელი ვერსიაც არსებობს — ისეთი, რომელსაც როგორც შინაგანად იღებდნენ, ისე კანზე ან ცხვირსახოცზე ტუალეტის წყლის მსგავსად იყენებდნენ. ეს რეცეპტი food.com-ზეა მოხსენიებული, საიდანაც აქ მოგიტანეთ...


მაშ ასე, მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ერთი ჰერმეტულად დახურული მინის ქილა; 1.25 ჭიქა არაყი; 3 სუფრის კოვზი გამხმარი ანჟელიკას ფოთლები; 3 სუფრის კოვზი გამხმარი ლემონგრასის ფოთლები; 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ქინძის თესლი; 1 დაჭრილი მუსკატის კაკალი; 2 სუფრის კოვზი მიხაკი და 1 დარიჩინის ჩხირი;

მომზადების წესიც თავისებური სიმშვიდითაა აღსავსე: მინის ქილაში უნდა ჩაასხათ არაყი და შემდეგ სათითაოდ დაუმატოთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი; დაახუროთ თავსახური, ფრთხილად შეანჯღრიოთ და სამი კვირის განმავლობაში თბილ ადგილას დააყენოთ. ამის შემდეგ ნარევი უნდა გადაწუროთ და გადაასხათ ახალ მინის ბოთლში, რომელსაც მჭიდროდ დახურული თავსახური ექნება.


A votre santé! - თქვენს ჯანმრთელობას! და იმ სურნელოვან ისტორიებს, რომლებიც ზოგჯერ რომანებზე არანაკლებ დრამატულია. 🥂




 
 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.

თქვენი ერთგულება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

მოითხოვეთ -25% მუდმივი ფასდაკლება მესამე შეკვეთიდან

კოლექციის ბესთსელერები 

bottom of page