სუნამოს ისტორია: სათავეებთან
- Parisal Perfumes
- Sep 5
- 3 min read
Updated: Sep 6
სუნამოების ისტორიას სრულად რომ გავეცნოთ აუცილებელია მათ წარმოშობას ჩავუღრმავდეთ.
დღევანდელი ცოდნით, ცნება "სურნელი" კაცობრიობის დასაბამიდან, თითქმის ყოველთვის არსებობდა სხვადასხვა ფორმითა და დანიშნულებით. ამ სტატიების სერიის დასაწყებად, გადავშალოთ პირველი თავი და გადავინაცვლოთ ანტიკურ ეპოქაში. აღმოვაჩინოთ წყაროები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე პარფიუმერიას.
ეგვიპტე: წმინდა სურნელი

პარფიუმერიის ისტორია იწყება შუმერებით, მესოპოტამიაში მცხოვრები ცივილიზაციით, რომლებმაც სურნელი ვაჭრობაშიც კი გამოიყენეს. ისინი მას ყველგან ავრცელებდნენ, განსაკუთრებით კი ეგვიპტელებში, რომლებიც ამ ინოვაციის უდიდესი მომხმარებლები იყვნენ.
ალექსანდრიასა და მთელს ძველ ეგვიპტეში მალე სურნელების კულტი შეიქმნა. სურნელები მზადდებოდა მცენარეული ზეთებისა და ცხოველური ცხიმებისგან, ემატებოდა ყვავილები. ფართოდ გამოიყენებდნენ ირისს, ფისებს: ტურპენტინს და ბენზოინს.

პირველი სურნელები წარმოდგენილი იყო ასევე მალამოების სახით, რომლებიც მღვდლების მიერ ტაძრებში მზადდებოდა. ძირითადად, სურნელი გამოიყენებოდა „მისტიკური“ დანიშნულებით – ადამიანსა და ღმერთებს შორის შუამავლად.
ტაძრებში სურნელი ყველგან იყო! სურნელოვანი ნაზავები იწვოდა განწმენდისთვის. სასაფლაოს რიტუალებში სხეულები ბალზამირდებოდა, რათა მარადიულ სიცოცხლის გზას შესდგომოდნენ. ღმერთების ქანდაკებებს კი სურნელოვანი მალამოებით ამკობდნენ.
„კიფი“ ითვლება პირველ ოფიციალურ სუნამოდ (რომელსაც აუცილებლად დავუთმობთ ცალკე ბლოგს) – ეს არომატული ნაზავი შედგებოდა კენკრის, თაფლის, ყურძნის, ძველი ღვინის, მურასა და ზაფრანისგან.
სურნელი მოსახიბლად
ეგვიპტეში სურნელს სამკურნალო დანიშნულებაც ჰქონდა – ზოგი მათგანი თავს ტკივილს ან გინეკოლოგიურ დაავადებებს კურნავდა. მაგრამ ეგვიპტელები სურნელს მხოლოდ ღვთაებრივისა და სამკურნალო მიზნებით არ იყენებდნენ. ისინი ძალიან ზრუნავდნენ გარეგნობასა და სისუფთავეზე – მორალური სიწმინდის სიმბოლოებზე. სარკეები, მალამოების ქილები და კოსმეტიკის პატარა ყუთები, რომლებიც სამარხებში აღმოჩნდა, ამ ტენდენციის საუკეთესო მოწმობაა.

სურნელი ასევე გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც ქალების, ასევე კაცების მიერ საპირისპირო სქესის მოსაზიდად. კლეოპატრა, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი, სურნელოვან აბაზანებში ისვენებდა, შემდეგ კი მწარე ნუშის ზეთით, დარიჩინითა და მირტით იზელდა სხეულს. მწვერვალად ითვლებოდა სურნელოვანი კონუსებით გაჟღენთილი პარიკების ტარება, რომლებიც თანდათან დნებოდნენ და თმას ატენიანებდნენ. უბრალო ხალხი კი მხოლოდ რიცინის ზეთს იყენებდა, რომელიც ორეგანოს ან პიტნას ერეოდა.

საბერძნეთი: სხეულის ჰიგიენის დასაწყისი
კრეტელებმა და ფინიკიელებმა პირველებმა ისარგებლეს ეგვიპტელთა ცოდნით და შემდეგ იგი ბერძნებს გადასცეს. ახლო აღმოსავლეთში მათი სავაჭრო პოსტების წყალობით, მათ აღმოაჩინეს და შემოიტანეს ახალი არომატული მასალები – შაფრანი, საკმეველი და სხვ. ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობების შემდეგ ინდოეთიდან სანდალი, ჯატამანსი, მუსკატი და სხვა ინგრედიენტები ემატება სურნელოვან სამყაროს. ამასთანავე, ჩნდება ცხოველური წარმოშობის მასალებიც – მუშკი, ცივეტი, ამბრა.

ბერძნები ნელ-ნელა ნამდვილ ოსტატებად იქცნენ სურნელების შექმნაში. მათ გამოიგონეს enfleurage-ის ტექნიკა, რომელიც დღესაც გამოიყენება. ისინი ყვავილებს ზეთით სავსე ბრინჯაოს ვაზებში ამაცერირებდნენ, რომელსაც მუდმივად ანახლებდნენ. სურნელებს ავსებდნენ კერამიკულ, ტყვიის ან ოქროს ბოთლებში, რომლებიც მითოლოგიური ორნამენტებით იყო მორთული.

როგორც ეგვიპტელებში, ბერძნებისთვისაც სურნელი თავდაპირველად წმინდა ფუნქციას ასრულებდა. მათ ყოველი სურნელის შექმნას მითოლოგიური ისტორია შთააგონებდათ, რაც ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი იყო. აი მაგალითიც: ამბობდნენ, რომ ვენერა უსაზღვროდ იყო შეყვარებული ადონისზე, რომელიც ნადირობისას ფატალურად დაშავდა. ვენერამ მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ თეთრი ვარდის ეკალმა დაჩხვლიტა. სისხლი ვარდის ფურცლებზე გადმოიღვარა და ისინი წითლად შეიღება. ასე იქცა ვარდი სიყვარულისა და ვნების სიმბოლოდ პარფიუმერიაში.
სურნელი ბერძნებში ახალი დანიშნულებითაც იხმარებოდა – სხეულის მოვლა. სურნელოვანი ზეთები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, განსაკუთრებით სამკურნალო თვისებების გამო – აფროდიზიული, საჭმლის მომნელებელი ან ანტისეპტიკური ეფექტებით. ზეთებს სხეულზე ისვამდნენ, შემდეგ ძლიერად იზელდნენ ჭუჭყის მოსაშორებლად, ბოლოს კი წყლით იბანდნენ საერთო აბანოებში. სურნელი სიამოვნებასთანაც გაიგივდა – რეკომენდირებული იყო ნესტოების დამუშავებაც განწყობის ასამაღლებლად.
რომი: სურნელის სიუხვის ეპოქა
ძველ რომში სურნელი ყველგან იყო – მას არამხოლოდ ქალები და კაცები აფრქვევდნენ და არა მხოლოდ სხეულსა და ტანსაცმელზე აპკურებდნენ, არამედ ცხოველებსა და საკვებზეც კი!
სუნამო სიმდიდრის ნიშანი იყო. სურნელი ფუფუნებასა და სიმდიდრეს უკავშირდებოდა და ჭარბად გამოიყენებოდა. ბრწყინვალე ნადიმებზე სტუმრებს ასხურებდნენ სურნელოვან წყლებს, აძლევდნენ ვარდის არომატიან ღვინოს. თეთრ მტრედებსაც კი უშვებდნენ, რომელთა ფრთებიც სურნელებით იყო გაჟღენთილი.

რომში არსებობდა მთელი უბანი, სადაც პარფიუმერები საქმიანობდნენ. იქ იკრიბებოდა ხალხი, ეძებდა ახალ სურნელს და ავრცელებდნენ ჭორებსაც. პარფიუმერები სწრაფად მდიდრდებოდნენ. სურნელები კერამიკული ჭურჭლის ნაცვლად უკვე მინის ბოთლებში ივსებოდა. რომაული სუნამოები სისქით და სიძლიერით გამოირჩეოდნენ, რადგან არომატულ მცენარეებს შედარებით ხანგრძლივად ხარშავდნენ.

რომაელები თავს სურნელებით იზელავდნენ, სუნამოებს იყენებდნენ მასაჟისტები აბანოებში. თუმცა ეს ფუფუნება ძვირი უჯდებოდა თავადაზნაურობასა და იმპერიას.
იცოდით, რომ სურნელის ისტორია ანტიკურ ხანაშივე ასეთი მდიდარი იყო? შემოგვიერთდით ამ მოგზაურობაში, მომდევნო პოსტში – შუა საუკუნეებში ვიმოგზაურებთ…
Comments